რეგისტრაცია
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით

ან გაიარე ავტორიზაცია

ავტორიზაცია FACEBOOK ით ავტორიზაცია GOOGLE ით
წარმატებით გაიგზავნა

ან გაიარე რეგისტრაცია

რეგისტრაცია რეგისტრაცია

ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში - საქართველო ჩეხეთთან დამარცხდა

კალათბურთი
თარიღი: 23.08.25

ევრობასკეტის დაწყებამდე 6 დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა და ჩეხეთთან 87:100 დამარცხდა. მატჩი პარდუბუცეში, ენრერია არენაზე გაიმართა.

ალეკსანდარ ჯიკიჩმა სასტარტი ხუთეული კვლავ შეცვალა და ამჯერად თამაში : კამარ ბოლდუინს, კახაბერ ჯინჭარაძეს, სანდრო მამუკელაშვილს, გიორგი შერმადინს და ბექა ბურჯანაძეს დააწყებინა.

თავიდანვე გეტყვით, რომ გოგა ბითაძეს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, დიდი ალბათობით სამწვრთნელო შტაბმა ევრობასკეტამდე გოგას დასვენების გადაწყვეტულება მიიღო. თორნიკე შენგელიას შესახებ კი, უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ რომ კაპიტანი გუნდს კვიპროსში შეუერთდება.

დღევანდელი მატჩი მასპინძლების ზედიზედ ჩაგდებული 4 ქულით დაიწყო, რასაც ბექა ბურჯანაძემ შედეგიანი “პლიუს ერთით” უპასუხა. ჩეხებმა ძალები პერიმეტრიდანაც მოსინჯეს და თამაშის სტარტზე 3/2 შორეული სროლა გამოიყენეს. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 6:20 წუთით ადრე, ორივე ნაკრებმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი ამოწურა. ჩვენი მხრიდან პირველი 3-ქულიანი სანდრო მამუკელაშვილმა მიითვალა, რომელმაც მალევე კიდევ ერთხელ ითამაშა პერიმეტრიდან კარგად. პირველ მეოთხედში დაცვაშიც და შეტევაშიც ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა ჩეხებმაც რამდენჯერმე კარგი საჩუქარი გაგვიკეთეს, რომელიც კამარ ბოლდუინმა და გიორგი შერმადინმა ქულებში გადაზარდეს. ასევე კარგი მონაკვეთი ჰქონდა ბექა ბურჯანაძესაც. პირველი მეოთხედის ბოლოს წინ გასვლა შევძელით. რატი ანდრონიკაშვილმა ზედიზედ ორჯერ გამოიჩინა თავი და 4 ქულა აიღო, რასაც დუდა სანაძემ 3-ქულიანიც დაამატა. ევრობასკეტის მოსამზადებელ ეტაპზე, ღია ამხანაგურ შეხვედრაში პირველად გამოჩნდა პარკეტზე ილია ლონდარიძე, რომელმაც 1-წუთიან მონაკვეთში მეტოქე ორჯერ დააჯარიმა. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე მიღებული საჯარიმო სროლებით საწყისი 10 წუთი მაინც წავაგეთ 27:28.

მეორე მეოთხედიც ჩეხების შედეგიანი შეტევებით დაიწყო. მასპინძლებმა ზედიზედ 5 ქულა დააგროვეს. მეორე მეოთხედში თამაშიდან პირველი ქულები 3 წუთის მერე ავიღეთ. თავი ამჯერადაც სანდრო მამუკელაშვილმა გამოიჩინა. კარგი მონაკვეთი ჰქონდა დუდა სანაძეს, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა დააგროვა. დუდას შემდეგ, ლამაზი და რაც მთავარია შედეგიანი კომბინაცია გაითამაშეს მამუკელაშვილმა და შერმადინმა, რასაც ჩეხების ტაიმაუტიც მოჰყვა. დაცვაში, განსაკუთრებით კი პერიმეტრზე თამაშისას შეცდომების გამო, მალევე მოუწია ტაიმაუტის აღება ალეკსანდარ ჯიკიჩსაც. ტაიმაუტის შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. ჩეხები პერიმეტრიდან ძალიან კარგად თამაშობდნენ და ამაში ხელს ვერ ვუშლიდით. მეტოქემ ერთ ტაიმში 10 3-ქულიანი ჩაგვიგდო, რაც ევროპულ კალათბურთში ძალიან ბევრია. პირველი ნახევარი ჩეხების გამარჯვებით, 55:42 დასრულდა.

სამწუხაროდ, შეტევაში თამაში კვლავ არ წაუვიდა ჩვენს ნატურალიზირებულ მოთამაშეს - კამარ ბოლდუინს. ევრობასკეტის დაწყებამდე 6 დღით ადრე, კამარი ნამდვილად არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

ჩეხებმა მეორე ტაიმიც შედეგიანი შეტევით დაიწყეს, რასაც კვლავ ბოლდუინი - შერმადინის კომბინაციით ვუპასუხეთ. გიორგის 2 ქულას, მალევე მამუკელაშვილმაც 2 ქულა დაამატა. მასპინძლებმა კი, კვლავ პერიმეტრიდან ითამაშეს კარგად და მორიგი 3-ქულიანი ჩაიწერეს აქტივში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი “მაღლების” წყალობით შეტევაში ქულებს ვაგროვებდით, ჩეხი უკანახაზელები პერიმეტრიდან თავიანთ შანსებს იყენებდნენ და სხვაობის შემცირების საშუალებას არ გვაძლევდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, კვლავ სანდრო მამუკელაშვილის კარგი თამაშით და გიორგი ოჩხიკიძის 3-ქულიანით სხვაობა 9 ქულამდე ჩამოვიყვანეთ, თუმცა მეტოქემ მალევე 14 ქულიანი ფორა დაიბრუნა და 10-ქულაში შესვლის უფლება აღარ მოგვცა.

გადამწყვეტი პერიოდის წინ, ჩეხები 81:68 გვიგებენდენ.

მეოთხე მეოთხედი კვლავ ჩეხების მიერ ჩაგდებული 3-ქულიანით დაიწყო. კამარ ბოლდუინმა თამაშიდან პირველი ქულები მატჩის დამთავრებამდე 8:24 წუთით ადრე აიღო. თამაშის სურათი არც ბოლო წუთებში შეცვლილა. ჩეხები ქულებს მარტივად აგროვებდნენ, ჩვენ კი დაცვაში შეცდომებს ხარვეზები შეტევაშიც დავამატეთ. ბოლო წუთებს კი, უკვე ფორმალური სახე ჰქონდა. ჩეხებს კომფორტული უპირატესობა ჰქონდათ… საბოლოოდ კი, 13 ქულით მოგვიგეს.

დღეს, ჩვენი გუნდიდან სანდრო მამუკელაშვილი იყო საუკეთესო. მამუმ 22 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს. 10-ქულიან ნიშნულს გადაცდნენ დუდა სანაძე (13ქულა) და გიორგი შერმადინიც 13 ქულა, 8 მოხსნა.

 

ევრობასკეტის დაწყებამდე 6 დღე არის დარჩენილი. საქართველოს ნაკრები კი, პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მოსამზადებელ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ეროვნულ გუნდში სამუშაო ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩს გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია აკლდა ჩვენი გუნდი დაცვაშიც და შეტევაშიც ბევრ შეცდომებს უშვებდა, რასაც მეტოქე არ გვპატიობდა. ფაქტია, რომ კონტინენტის პირველობის წინ ვერცერთი მატჩის მოგება ვერ შევძელით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში საჭიროა რომ საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივრის თანადგომა იგრძნოს და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე ღირსეულად წარსდგეს. 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 28 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით კვიპროსში, ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს სადაც: ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ბოსნია&ჰერცოგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. საუკეთესო ოთხეულში და პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში კი, (რისი დიდი იმედიც გვაქვს) ასპარეზობას ლატვიაში, კერძოდ რიგაში განაგრძობს.