შენგელიას გადამწყვეტი ქულა ბოლო წამებზე...
თორნიკე შენგელიამ იტალიის სერია A-ში მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მართალია, მისი საბოლოო მონაგარი მსუყე ციფრებით არ გამოირჩა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა მატჩის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გამარჯვების მომტანი ქულა მიითვალა.
"ვირტუსის" მეტოქე იყო "ტორტონა" - გუნდი, რომელთანაც ბოლონიელები სანაკრებო ფანჯრის წინ იტალიის თასის ფინალში დამარცხდნენ.
"ვირტუსს" ამჯერადაც ძალიან გაუჭირდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 91:90 იმარჯვა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე შენგელიას მონდომებამ გადაწყვიტა.
საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე, ანგარიში საყაიმო გახდა, როცა ბოლონიელებმა წუთშესვენება აიღეს, საბოლოოდ, ბურთი შენგელიას მიუვიდა და სტუმართა ამერიკელი ლეგიონერი დემონტე ჰარპერი მასზე დაჯარიმდა.
ამ დროს თამაშის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა და თორნიკემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ქართველი "მძიმე ფორვარდი" იყო, თუმცა, მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა, რისი მიზეზიც ჯარიმებით დატვირთვა გახდა.
შენგელიამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ჩააგდო 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩის გმირი იტალიელი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 16-დან 9 სამქულიანი ჩააგდო და 25 წუთში 32 ქულა მოაგროვა.
"ვირტუსმა" 20 ტურში 16 მოგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილს "მილანთან" ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბს მომდევნო შეხვედრა 12 მარტს სტუმრად "ვენეციასთან" ელის