დე ლაურენტისი - კვარაცხელიას გაყიდვა ჯუღელმა მაიძულა
ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, მას ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ უნდოდა, პირიქით, კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა, მაგრამ სხვა გზა, ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა არ დაუტოვა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში, კვარაცხელია პარიზულ გუნდს სწორედ ნაპოლიდან - 60 მილიონ ევროდ - შეუერთდა. „ჯუღელი ფიფას მე-17 პუნქტის ამოქმედებით დამემუქრა, სხვა გზა უბრალოდ არ დამრჩა.
შთამბეჭდავი პირველი სეზონის შემდეგ, ხვიჩასთან ახალ კონტრაქტზე საუბარი მაშინვე დავიწყეთ, რადგან მოკრძალებული ხელფასი ჰქონდა და ამით სხვა გრანდები ისარგებლებდნენ. მის მენეჯერს, მამუკა ჯუღელს სხვა გეგმები ჰქონდა. რა იყო მიზანი? მაღალი საკომისიოს მიღება და კვარასთვის ორნიშნა ხელფასი.
ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ერთად გერმანიაში გავფრინდი, რათა სიტუაცია მომეგვარებინა, მაგრამ მამუკა საქმეს აჭიანურებდა და ამბობდა, რომ ჯუნტოლის მისი ვალი ჰქონდა,“ - თქვა დე ლაურენტისმა რას ნიშნავს FIFA-ს მე-17 პუნქტი? ამ წესის თანახმად, 28 წლამდე ასაკის ფეხბურთელს, 3 სეზონის შემდეგ, მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტა და სხვა კლუბში გადასვლა შეუძლია. ამისთვის სამი პირობაა შესასრულებელი - კლუბს უნდა აცნობოს ბოლო ჩატარებული მატჩიდან 15 დღის შემდეგ; მეორე - ეკძალება იგივე ლიგის კლუბში გადასვლა უახლოესი 1 წლის მანძილზე; მესამე - ის კლუბს კომპენსაციას გადაუხდის ობიექტური კრიტერიუმების ფარგლებში.